ბახუსოთერაპია – პელმენის წვნიანი მდნარი ყველით


👆 გამოგვყევით Facebook - ზე და გაეცანით საინტერესო სიახლეებს! 👆

რა შეიძლება იყოს შემოდგომის წვიმიან და ქარიან ამინდზე უარესი? სამსახურიდან აჩქარებული ნაბიჯით რომ მიდიხარ შინ, რათა დაისვენო და ცხელი ჩაი დალიო, ხოლო სადარბაზოში შესულს არ გინდა დაიჯერო, რომ მეგობრული თავყრილობის ხმა სწორედ თქვენი ბინიდან გამოდის.

სამაგიეროდ, შინ შესული ხვდებით, რომ ინტუიცია არასოდეს გღალატობთ და თქვენი მეუღლე მეგობრებთან ერთად აღნიშნავს გაუთავებელი ჩემპიონთა ლიგის რომელიღაც რიგით თამაშს. მე უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ კაცებს ფეხბურთი არც ისე უყვართ, როგორც ჰგონიათ – უბრალოდ, ეს კარგი შანსია მეგობრებთან ერთად შეკრებისა და სასმლის წრუპვისთვის, რომელიც მეორე დღეს ფეხბურთის სიყვარულსაც ავიწყებთ და საკუთარი თავისასაც.

ქალებს კი არ ვიცი, რომელი უფრო არ გვიყვარს – მამაკაცების დროსტარება თუ მეორე დღეს მათი გაუთავებელი წუწუნი – როგორ სტკივათ ყველაფერი, რომ ასე მეორედ აღარ დალევენ და ბოლოს მინორულად ნათქვამი ფრაზა – “რამე წვნიანი გამიკეთე რა” ასეთი შემთხვევებისთვის რამდენიმე მარტივი რეცეპტი მაქვს გამზადებული – რადგან ყოველ ჯერზე ხაშის ხარშვას ვერ დავიწყებ, ჩემს მეუღლეს პელმენის წვნიანით უწევს ნაბახუსევიდან გამოსვლა

გარდა იმისა, რომ უკვე აგრილდა და პელმენის ცხელი წვნიანი მადისაღმძვრელი და გემრიელი კერძია, რომლითაც შეგიძლიათ ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდეთ, ამ კერძს კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება აქვს.

მდნარი ყველით მომზადებული წვნიანი იდეალური გამოსავალია ნაბახუსევზე. შეგიძლიათ ენდოთ ჩემს გამოცდილებას, მოუმზადეთ იგი ნაბახუსევზე მყოფ მეუღლეს და მიხვდებით, რომ ორივე კმაყოფილი დარჩებით – ის იმიტომ, რომ წვნიანი ძალიან გემრიელია და სწრაფად ხსნის უსიამოვნო სიმპტომებს, ხოლო თქვენ იმდენად მარტივად შეძლებთ მის გაკეთებას, რომ სამზარეულოში სულ რამდენიმე წუთი დაგეკარგებათ. მთავარია, ისეთი პელმენი შეარჩიოთ, რომ ხარშვისას ადვილად არ იშლებოდეს.

პელმენის წვნიანი
ინგრედიენტები:

პელმენი 500 გრ
(ჩვენ რეკომენდაციას “მზარეულის” პელმენს, “ციმბირულს” ვუწევთ, რადგან ის იოლად არ იშლება დიდხანს ხარშვისას და მასში ხორცის გემოც კარგად იგრძნობა)

– ბულიონის კუბი 1 ცალი
– მდნარი ყველის ფირფიტები
– ქინძი
– მარილი და პილპილი

მომზადება:
განიერი ქვაბით დავდგათ წყალი (დაახლოებით 2 ლ). რომ ადუღდება, დავამატოთ მარილი და ბულიონის დაფშვნილი კუბი. შემდეგ ჩავყაროთ პელმენი და მოვხარშოთ. მოხარშული პელმენი გადავანაწილოთ ღრმა თეფშებზე, დავასხათ წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ქინძი, დავუმატოთ თითო კოვზი არაჟანი და ზემოდან გადავაფაროთ მდნარი ყველის ფირფიტა. მივირთვათ ცხელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error

გაუზიარე მეგობრებს ♥