დაითვალე წლები ისე, როგორც ფული და მიხვდები, რომ ის ძალიან ცოტაა

ასაკის მატებასთან ერთად ყოველწლიურად უფრო გიჭირთ დაბადების დღის აღნიშვნა… ატყობთ, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეხედულება შეგეცვალათ – გამუდმებით სიმშვიდეს ეძებთ, გგონიათ, რომ აღარ ხართ მიმზიდველი და კვლავინდებურად სასურველი, სარკეში იხედებით და უმეტეს შემთხვევაში საკუთარი თავი არ მოგწონთ.

ნაოჭებს ითვლით, გიხარით, როცა გეუბნებიან, რომ საერთოდ არ შეცვლილხართ, უბრალოდ ცხოვრების დინებას მიყვებით… – ეს ყველაფერი ასაკის ბრალია! თუმცა, ყველაფერი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს თუ…

ჭარბი წონა

ასაკის მატებასთან ერთად მატულობს გასუქების რისკიც. წონა კი თავისთავად ჰმატებს წლებს ადამიანს.
სწორედ ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ საკვებ რაციონს. შეიძლება ათასჯერ მოგისმენიათ, წაგიკითხავთ და არც ეთანხმებით, მაგრამ ასეა- კალორიულ საჭმელებს უნდა მოერიდოთ, მით უმეტეს ცომეულს.

ძალიან კარგია ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობას თუ გაზრდით თქვენს რაციონში. ასევე აუცილებელია დღეში ერთი საათით ვარჯიში. სავალდებულო არ არის სატრენაჟორო დარბაზში სიარული, თუ ამას ვერ ახერხებთ, სახლშიც შეგიძლიათ ივარჯიშოთ. სასარგებლოა ფეხით სეირნობა.

ნაოჭები

ყველაზე მეტად კი ნაოჭები აღიზიანებთ ქალებს. ეს ასაკის თანმდევი მოვლენაა, თუმცა მასთან ბრძოლა შეიძლება და თანაც რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით.

აიღეთ ერთი ცალი კიტრი, გახეხეთ და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. შემდეგ ეს მასა სახეზე წაისვით, 20-25 წუთის განმავლობაში გაიჩერეთდ, შემდეგ სახე მშრალი ქსოვილით ნაზად ჩამოიწმინდეთ. ამ ნიღბის გაკეთების შემდეგ შეეცადეთ, რომ მინიმუმ რვა საათის განმავლობაში კანი არ დაიბანოთ.

თვალის გარშემო გაჩენილი ნაოჭებისთვის ეფექტური საშუალებაა ხორბლის ან ნუშის ზეთი. ყოველ საღამოს, დაბანის შემდეგ თვალის გარშემო შეიზილეთ. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიწმინდეთ(არ დაიბანოთ).

კისერზე გაჩენილი ნაოჭებისთვის ძალიან კარგია მოხარშულ, გატარებულ კარტოფლში შერეული ნატურალური თაფლის ნიღბების გაკეთება(40 წუთის შემდეგ ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ)

შეეცადეთ, სწორედ ასეთი ბუნებრივი საშუელბებით ებრძოლოთ ნაოჭებს, ჩვენ კი რჩევებს არ დავიშურებთ და ახალ-ახალ მეთოდებს შემოგთავაზებთ.

სტილი

ნებისმიერ ასაკში ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხი ჩაცმაა. ხშირ შემთხვევაში ქალები ასაკის მატებასთან ერთად ჩაცმის მხრივ უფრო შეზღუდულები ხდებიან. რა თქმა უნდა ძალიან თამამად ჩაცმას არ გირჩევთ, მაგრამ არც ის არის საჭირო, კოჭებამდე ქვედაბოლოებითა და ძალიან დახურული სამოსით იაროთ.

შეგიძლიათ მუხლს ზევით ქვედაბოლოები ან კაბები, ახალგაზრდული პერანგები, თუ შარვლები ჩაიცვათ. უბრალოდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, მთავარია მოირგოთ და სხეულზე მოიხდინოთ.

თუ წონას უჩივით, სწორედ ჩაცმის სტილი დაგეხმარებათ სხეულის ნაკლოვანებები დაფაროთ და მათ კიდევ უფრო მეტად არ გაუსვათ ხაზი.

ძალიან მკვეთრ მაკიაჟს მოერიდეთ და უფრო ბუნებრივ ფერებს მიანიჭეთ უპირატესობა.

სურნელი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალის ასაკის გამოცნობა მისი სურნელის საშუალებითაც არის შესაძლებელი. იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს მასშტაბური გამოკვლევა, რომელში მონაწილეობაც 20-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებმა მიიღეს.

მათმა უმრავლესობამ ყვავილის და კერძოდ, ვარდის სურნელი ასაკოვან ქალს მიაკუთვნა, ხოლო ხილის სურნელი – ახალგაზრდას.

მეცნიერებმა კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა გააკეთეს – გრეიფუტის სურნელი მამაკაცების თვალში მინიმუმ რამდენიმე წლით აახალგაზრდავებს ქალს.

სიახლე

ნუ მოერიდებით ახალ წამოწყებას, მხოლოდ იმიტომ რომ, თვლით, ეს თქვენთვის უკვე გვიანია. პირიქით, შეეცადეთ თქვენს ყოველდღიურობაში სიახლე შეიტანოთ და სწორედაც რომ ახალ, უცხო საქმიანობას შეეჭიდოთ. ასაკში ქალის პასუხისმგებლობის გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, ცხოვრებისეული გამოცდილება კი ხელს უიწყობს სხვა თვალით დანახოს ესა თუ ის სიტუაცია და მეტ წარმატებას მიაღწიოს.

აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თამამად იფიქროთ კარიერაზე.
ასე რომ, ნუ ინერვიულებთ თითოეული ნაოჭისა თუ კილოგრამისთვის და დეპრესიაში ნუ ჩავარდებით, ასეთი მდგომარეობა უფრო დიდი ასაკისას გამოგაჩენთ.

შორს მოისროლეთ ყველაფერი, შეძლებისდაგვარად გაიხალისეთ ყოველი დღე, იმუშავეთ საკუთარ თავზე, ხშირად იმეორეთ, რომ ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ხართ… ეს ყველაფერი შორს მოისროლეთ და მოქმედებაზე გადადით! ახალი ცხოვრების დაწყება ყოველთვის შეიძლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *